„ვაგნერი“ - „სისხლიანი ორკესტრის“ „მოხეტიალე მუსიკოსები“ მთელ მსოფლიოში სისხლიან კვალს ტოვებენ - კვირის პალიტრა

„ვაგნერი“ - „სისხლიანი ორკესტრის“ „მოხეტიალე მუსიკოსები“ მთელ მსოფლიოში სისხლიან კვალს ტოვებენ

"ჩვენ, როგორც მოჩვენებები, თითქოს ვართ და ამავე დროს თითქოს არ ვართ. არაფერი გვექნება მოსაყოლი 10-15 წლის შემდეგ შვილებისა და შვილიშვილებისთვის". "ვაგნერის" მებრძოლი, 2017წ., სირია

"ისინი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სახელით მოქმედებენ ლიბიაში, როგორც გენერალ ხალიფა ხაფტარის მებრძოლები. ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ".” რეჯებ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი, 2018 წ.

ჟურნალისტი: - "ვაგნერი" ეს რუსეთია?- რუსეთი ამას რომც უარყოფდეს, ამით თავს არავინ მოიტყუებს".საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლე დრიანის ინტერვიუდან, 2018 წ.

"მისიის მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ "ვაგნერის" წევრებმა ტრიპოლში (ლიბია - ავტ.) მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა მას შემდეგ დახვრიტეს, რაც ისინი უკვე დაკავებული იყვნენ".” გაეროს სპეციალური მისიის მოხსენებიდან, 2020 წ.

2016 წელს რუსულმა კომპანიამ "ევროპოლისმა" სირიის სამთავრობო უწყებებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია საომარ მოქმედებებში სირიის სამთავრობო ჯარების მხარდასაჭერად ჩაერთვებოდა, სანაცვლოდ კი სირიის ტერიტორიაზე მოპოვებული გაზისა და ნავთობის 25%-ს მიიღებდა. "5-წლიანი კონტრაქტი დაიდო კომპანია”"ევროპოლისთან". დოკუმენტს გაუთქმელობის შესახებ იქვე მოვაწერეთ ხელი ("ვაგნერის" შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება). სირიაში მივემგზავრებოდით როგორც სამოქალაქო პირები, მენავთობეები, მშენებლები და ა.შ. სპეციალურ გრაფაში ვუთითებდით ნათესავებს. რომლებსაც ჩვენს სიკვდილს შეატყობინებდნენ და ასევე კომპენსაციას გადაუხდიდნენ. დაცვის ჯგუფებში ეს 3.000.000 რუბლი იყო, ხოლო მოიერიშე ჯგუფებში - 5.000.000. ასევე ვწერდით განცხადებას, სადაც ნებაყოფლობით უარს ვამბობდით სახელმწიფო ჯილდოებზე. Aამ ყველაფრის შემდეგ კომპანია ვალდებულებას იღებდა სიკვდილის შემთხვევაში ჩვენი ცხედრები სამშობლოში დაებრუნებინა. თუმცა გარანტიას ვერ იძლეოდა, რომ აუცილებლად შესრულდებოდა. Kკონტრაქტის გაფორმების შემდეგ ხელფასად 140.000 რუბლი დამენიშნა. სირიაში 150.000-ს ვიღებდი. ამას ემატებოდა ხელფასის 30-50%. ეს დამოკიდებული იყო დავალების სახეობასა და სირთულეზე", - იხსენებდა მოგვიანებით "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი.

2016 წლის ბოლოს "მუსიკოსები" სირიაში გამოჩნდნენ.

ცეცხლით და მახვილით

2017 წელს სირიაში”"ვაგნერის" მებრძოლებს კარგა ხანს ვერ ამჩნევდნენ, სანამ ერთ დღესაც თვითმხილველმა "მუსიკოსების" სისასტიკის ამსახველი ვიდეო არ გაავრცელა. მსოფლიო, რომელიც მანამდე ტერორისტული ორგანიზაცია”"ისლამური სახელმწიფოს" მხეცური დანაშაულებისგან გონზე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო, "ვაგნერის"”მიერ მუჰამედ ალ ალისმაილის საჯაროდ დასჯის ვიდეომ შეაძრწუნა - ალისმაილს ჯერ უროთი მუხლები დაუტეხეს, შემდეგ თავი მოაჭრეს და საჯაროდ დაწვეს (მოკლულის ძმა წლების განმავლობაში ცდილობდა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, თუმცა ამაოდ). ეს აშ-შაერში გაზის გადამმუშავებელ ქარხანასთან მოხდა, მას შემდეგ, რაც ის "ვაგნერის" მებრძოლებმა ჯიჰადისტებისგან გაათავისუფლეს და Gგამარჯვების აღსანიშნავად ქარხნის ჭიშკარს მოჭრილი თავები ჩამოაცვეს.

ხაფანგი "ვაგნერისთვის"

2018 წლის თებერვალში "ვაგნერის" მორიგი სამიზნე დეირ-ეზ-ზორთან ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა გახდა. ის თავის დროზე ამერიკულმა კომპანიამ "კონოკომ" ააშენა. 8 თებერვალს ადგილზე ჩასულ ტელეკომპანია ბი-ბი-სის ჟურნალისტებს იქაურობა სისხლიან სასაკლაოდ გადაქცეული დახვდათ. სწორედ მედიისგან გახდა ცნობილი, რომ "ვაგნერის" დაჯგუფება 7 თებერვალს ამერიკული ავიაციის იერიშის მსხვერპლი გახდა - "მუსიკოსებმა" იმ დღეს 200 მებრძოლი დაკარგეს. ეს პირველი შემთხვევა იყო სირიის ომის ისტორიაში, როცა აშშ-ის სამხედრო დარტყმებს რუსეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. რა მოხდა 2018 წლის 7 თებერვალს დეირ-ეზ-ზორთან, კარგა ხანს კითხვად რჩებოდა. მოგვიანებით ამერიკული სამხედრო წრეებიდან ინფორმაციამ გაჟონა. როგორც ირკვევა, სირიაში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ "ვაგნერი" ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიშს ამზადებდა და საკუთარი ძალებს (ადამიანურ რესურსს, მძიმე ტექნიკას და ა. შ.) მდინარე ევფრატის პლაცდარმზე უყრიდა თავს. 6 თებერვალს მოულოდნელად მდინარე ევფრატში წყლის დონემ რამდენიმე მეტრით მოიმატა, 7 თებერვალს ევფრატმა ხიდი წაიღო და "ვაგნერი" მოწყვეტილი აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, იერიშზე ხელი არ აუღია.

ამერიკულმა მხარემ რუსეთის სამეთაურო შტაბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ“სირიის დემოკრატიული ძალების ნაწილები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე პოზიციებს იკავებდნენ (8 კილომეტრზე "ვაგნერის"”პლაცდარმიდან), რუსებმა კი ამერიკელებს განუცხადეს, ამის შესახებ არაფერი ვიცით, რუსები ახლომახლო არ იმყოფებიანო(?!). 7 თებერვალს შებინდებისას "ვაგნერმა" შეტევა დაიწყო. ჩანაფიქრის თანახმად, დაგეგმილი იყო მოწინააღმდეგესთან სწრაფად მიახლოება, რათა აშშ-ს საავიაციო დარტყმებზე უარი ეთქვა, ემანდ ჩემი ხალხიც არ დავხოცოო. "ვაგნერი" ფიქრობდა, რომ ქურთები უკან დაიხევდნენ, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარ იცოდნენ "ვაგნერის" იერიშის შესახებ და შეტევისას უკვე ჰაერში იყვნენ, უკანასკნელად გააფრთხილეს რუსების სამეთაურო შტაბი და შემდეგ მასირებული დარტყმები დაიწყეს. "ვაგნერის" მებრძოლები “ფიქრობდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ ხმეიმიმის ბაზიდან რუსეთის ავიაცია მოუსწრებდა. თუმცა რუსული თვითმფრინავები არ გამოჩნდნენ და "მუსიკოსები" მიხვდნენ, რომ სასიკვდილო ხაფანგში მოექცნენ. საავიაციო დარტყმები 3 საათს გრძელდებოდა, შედეგად უამრავი განადგურებული ტექნიკა და დახოცილი დარჩა, ფაბრიკის ტერიტორიის კონტროლი კი უკვე“სირიის დემოკრატიული ძალებისა და ამერიკელი სამხედროების ხელში გადავიდა. რუსეთის სამეთაურო შტაბი ამ სამარცხვინო დამარცხებაში განტევების ვაცს ეძებდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ ეს ოპერაცია არ იყო სამხედროებთან შეთანხმებული, ხოლო შემდეგ კი საერთოდ უარყოფდნენ რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობას ოპერაციაში. მეტიც, თავად "ვაგნერმა" დაიწყო იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც რუსეთში სირიაში "ვაგნერის" დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებდნენ.Oოპერაციის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს ოპერაცია გაცილებით სხვა შედეგებზე იყო გათვლილი. ამერიკელი სამხედროების ტყვედ ჩაგდება ან მათი გვამების საჯარო ჩვენება, ძალიან დააზიანებდა ოფიციალური ვაშინგტონის იმიჯს, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტში ამერიკელი სამხედროები ჩართული არ იყვნენ, რაც საბოლოოდ სირიიდან ამერიკის შეიარაღებული დანაყოფების გამოყვანას გამოიწვევდა, რაც ყველაზე მეტად ხელს სწორედ რუსეთის ინტერესებს შეუწყობდა.

მზარეული ტანკითა და ქაფქირით

სირიაში დატრიალებულმა პროცესებმა ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ვინ იდგა კერძო სამხედრო კომპანია”"ვაგნერის" უკან. 2000-4000 დაქირავებული მებრძოლისგან შემდგარ სამხედრო დაჯგუფებას სათანადო აღჭურვისთვის დიდი ფინანსური რესურსი ესაჭიროებოდა, რომ არაფერი ითქვას ჯავშანტექნიკასა და მძიმე არტილერიაზე. რუსეთში დაქირავებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნა-წევრობა კანონით აკრძალულია და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, "ვაგნერს" კი საკუთარი საწვრთნელი ბაზაც ჰქონდა, სადაც ყოველდღიურად ასობით მებრძოლს წვრთნიდნენ. რა თქმა უნდა, ეს უმაღლეს პოლიტიკურ ელიტასთან კავშირის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ამას "ვაგნერის" მეთაური დმიტრი უტკინი, იგივე "ვაგნერი", ბუნებრივია, ვერ გასწვდებოდა და ხუთწლიანი დუმილის შემდეგ პეტერბურგელმა ბიზნესმენმა დმიტრი პრიგოჟინმა მოულოდნელად აღიარა, რომ თავად არის "ვაგნერის" დამფინანსებელი.”

"მე, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენები, დავდიოდი პოლიგონებზე, სადაც კაზაკები” იკრიბებოდნენ და ფულს ვაფრიალებდი, რათა შემექმნა ჯგუფი, რომელიც რუსების დასაცავად წავიდოდა. თუმცა მალე მივხვდი, რომ იმ კაზაკებსა და სხვა სამხედრო ამხანაგებს შორის ნახევარი თაღლითი იყო, ხოლო ნახევარი, ვინც ფულს იღებდა, მოხალისეებს ქირაობდა და ფეხშიშველა გზავნიდა რეალურ სიკვდილზე", -”აცხადებდა პრიგოჟინი ერთ-ერთ ინტერვიუში. კომპანია "ევროპოლისიც", რომელიც სირიაში გასაგზავნ მებრძოლებს ქირაობდა, სწორედ Dდმიტრი პრიგოჟინთან ასოცირდებოდა. პრიგოჟინი პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება, სახუმარო არ არის გერქვას "პუტინის მზარეული" - კომპანია”"კონკორდი" რომელიც მაღალი თანამდებობის პირების კვებას უზრუნველყოფს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისაც, სწორედ პრიგოჟინის საკუთრებაა. ამასობაში სირიაში "ვაგნერს" კონკურენტი გამოუჩნდა, კერძო სამხედრო დაჯგუფება“"პატრიოტი",”რომელიც, გავრცელებული ვერსიით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა. სამხედრო წრეებში ამბობდნენ, რომ "პატრიოტი" ფორმირებული იყო კადრის ოფიცრებისგან, მის რიგებში მხოლოდ პროფესიონალებს იღებდნენ, რუსეთის თავდაცვის უწყების, გენშტაბისა და სპეციალური ოპერაციების ძალების მოქმედ კადრებს.

ეს ორი კომპანია ასევე ვერ იყოფდნენ ოქროს გადამმუშავებელ ფაბრიკებს აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაშიც.

2018 წლის მიწურულისთვის”"ვაგნერი" რომლის რიგებშიც 5000-7000 მებრძოლი იდგა, სირიის გარდა, იმყოფებოდა აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, მალიში, მოზამბიკში, სუდანში, ბურკინა-ფასოსა და ლიბიაში.

"ვაგნერის" აფრიკული კამპანია ახალ ფაზაში გადადიოდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)