"პოლიტიკოსების გაფუჭებულ საქმეს მუსიკოსები ვერ გამოვასწორებთ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსების გაფუჭებულ საქმეს მუსიკოსები ვერ გამოვასწორებთ"

"შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მუსიკის მოსმენაც კი მაღიზიანებს"

ინციდენტი, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერდნენ

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ანსამბლ The Killers-ის კონცერტი გაიმართა, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ყურადღება მიიპყრო: ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, იკითხა - დარბაზში შეკრებილებს შორის თუ იყვნენ ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა. სცენაზე აყვანილი დრამერი რუსი აღმოჩნდა. დარბაზში შეკრებილი მსმენელის დიდმა ნაწილმა ეს გააპროტესტა და სტვენა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია მაინც შეასრულა. ამის შემდეგ, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ ხელოვნება ყველას აერთიანებს, რომ ფანები ყველანი ერთმანეთის დები და ძმები არიან და რომ ქვეყნებს შორის საზღვრები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ფლაუერსის მიმართვას კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. დავინტერესდით, როგორ აფასებენ შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე მომხდარ ინციდენტს და, ზოგადად, რუსი მოქალაქეების სიმრავლეს, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები:

ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:

"ანსამბლი რომ შემექმნა, The Killers-ს ნამდვილად არ დავარქმევდი"

- გამოგიტყდებით, მე საერთოდ არ ვიცნობდი ამ ჯგუფს და საწყენია, რომ ასეთი ინციდენტით გავიცანი. ჯერ ანსამბლს The Killers-ს რომ დაარქმევ, ყველაფერი ნათელი ხდება... მე, მაგალითად, ანსამბლი რომ შემექმნა, "მკვლელებს" არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევდი. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ქართველი ახალგაზრდების წინაშე თქვეს, რუსები ჩვენი მეგობრები არიანო და, საერთოდ, ცუდია, რომ ქართველ ხალხს თავი ასე დაამახსოვრეს: გამოუცხადეს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რაც რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელია. კარგად მესმის, ამ სიტყვებზე მსმენელს ასეთი მძაფრი რეაქცია რატომ ჰქონდა. რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის - ეს საქართველოში პატარა ბავშვებმაც კი იციან! რუსეთი ჩვენი მეგობარი რომ იყოს, საქართველოს ისტორიულ მხარეებს - აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ წაგვართმევდა! რუსები ჩვენი მეგობრები არ არიან - ეს ცხადზე უცხადესია!

ირმა სოხაძე, მომღერალი, ტელეწამყვანი:

"პოლიტიკოსების გაფუჭებულ საქმეს მუსიკოსები ვერ გამოვასწორებთ"

- მე ახლა შეკვეთილში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად აქ ვისვენებ და "ბლექ სი არენასთან" რამდენიმე მეტრში ვცხოვრობ. ვაღიარებ, რომ არანაირი სურვილი არ მქონია, ამ კონცერტს დავსწრებოდი. 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მუსიკის მოსმენაც კი მაღიზიანებს. თანაც, როკ-მუსიკის დიდი ფანიც არ ვარ და მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიით შევიტყვე. ვიცი, რომ ანსამბლის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა და გამოაცხადა, აქ ყველანი ძმები ვართ და ხელოვნება პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთო... ვფიქრობ, რომ ეს არასწორი საქციელია, რადგან რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება: პოლიტიკა თითქმის ყველაფერში ერევა და მუსიკა გამონაკლისი ვერ იქნება. მით უმეტეს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისეა გართულებული, რომ მარტო სახალხო დემოკრატიით ამას ვერ გამოვასწორებთ.

იყო დრო, როცა მეც ვფიქრობდი - მუსიკამ და კულტურულმა ურთიერთობებმა შეიძლება გამოასწოროს პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებული საქმე-მეთქი, მაგრამ არ გამოდის ასე და რას ვიზამთ? მუსიკა და სახალხო დიპლომატია ვერ შველის სიტუაციას, როდესაც მიწებია დაკარგული, ხალხი - დახოცილი და ლტოლვილად ქცეული... ყველამ იცის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რა დიდი ტრაგედია დატრიალდა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ რუსები ჩვენი ძმები არიან, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. წლების წინ მოსკოვში მეც ვმღეროდი, კონცერტებზეც ხშირად მიწვევდნენ, მაგრამ სიტუაცია რომ დაიძაბა, რამდენჯერმე აღარ ჩავედი და თავი დამანებეს. ახლა უკვე აღარ მიწვევენ, მიმაჩნია, რომ მე რუსეთში არ უნდა ჩავიდე და იქ რუსულად არ უნდა ვიმღერო.

15 აგვისტოს ინციდენტზე ბევრი ამბობდა, რომ შეიძლება ეს პროვოკაციაც იყო, მაგრამ არ მინდა ეს ვიფიქრო: შეიძლება ამ მომღერალს მართლა მიაჩნია, რომ მუსიკამ შეიძლება მტრებიც გააერთიანოს. იმედია, ისიც ეცოდინებოდა, როგორ ქვეყანაში მოდიოდა, რომ საქართველოს უძველესი მხარეები ოკუპირებულია - ადამიანმა ხომ უნდა იცოდეს, სად მიდის?!

ჩემი დასკვნა ასეთია: პოლიტიკოსების გაფუჭებულ საქმეს მუსიკოსები ვერ გამოვასწორებთ, ამაზე ისევ პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ!

ნიკა ხაჩიძე, ტელეწამყვანი:

"იქ შეკრებილმა ახალგაზრდობამ მთელ მსოფლიოს გააგონა, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი კი არა, მტერია!"

- The Killers-ის კონცერტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მივესალმები ყველას, ვინც თავისი აზრი გამოთქვა და არ გაჩუმდა, როდესაც მომღერალმა ასეთი რამ ჩაიდინა. ჩემი პატივისცემა იმათ, ვინც მისი სიტყვები გააპროტესტა და კონცერტი დატოვა. იქნებ, აგვიხსნან, რუსები ჩვენი ძმები როგორ არიან? - მე მგონი, ძმები ერთმანეთს ტყვიას არ ესვრიან და ტერიტორიებს არ ჰპარავენ. საბედნიეროდ, იქ შეკრებილმა ახალგაზრდობამ მთელ მსოფლიოს გააგონა, რომ რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარი კი არა, ჩვენი მტერია! თუ რუსებს ჩვენთან მეგობრობა სურდათ, წლების განმავლობაში ასე ხომ არ მოგვქცეოდნენ? ნუთუ, ამ ანსამბლის წევრებმა არ იცოდნენ, ქართველებისთვის ეს რა მტკივნეული თემაა?! ჩემი აზრით, იცოდნენ და რაც მოხდა, სულაც არ ყოფილა უნებლიე შეცდომა.

კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო: ამბობენ, რომ Black Sea Arena-ს კონცერტებზე 70 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, არა მგონია, ეს გონივრული ხარჯი იყოს. რომ გვეკონცერტებოდეს, ქართველ ხალხს რომ ულხინდეს და მსგავსი კონცერტებისთვის თანხა ჰქონდეს, კი, ბატონო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ასეთ ძვირფას კონცერტებს ვერ დაესწრება: ბილეთებს ისეთი ფასი აქვს, რომ შეძენის საშუალება ძალიან ცოტას აქვს. თუ ქველმოქმედება სურთ, მაშინ უფასოდ უნდა ჩაატარონ, თორემ ამ თანხით ძალიან ბევრ გაჭირვებულს დაეხმარებოდნენ და არა ერთ სოციალურ პრობლემას გადაჭრიდნენ. ბოლოსდაბოლოს, ამ თანხას რაჭაში დაზარალებულ ოჯახებს მივაშველებდით. ხალხი სტიქიით დაზარალებულებს ისედაც ეხმარება, მაგრამ მათ მთავრობისგან მეტი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)